ბათუმში დააკავეს რესტორან რეტროს მფლობელი, რომელმაც მიმტანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
რესტორან რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე პოლიციამ 4 ივნისის ღამეს, ძალადობის ბრალდებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
დაკავების მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება რესტორნის მფლობელი მის ახალგაზრდა თანამშრომელს.
კადრები ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. მათი ინფორმაციით, თეიმურაზ ვარშანიძემ სამსახურიდან 25 ადამიანი გაათავისუფლა, ხოლო ერთ-ერთ მიმტანს შელაპარაკების შემდეგ სცემა.