დააკავეს კაცი, რომელიც მოქალაქეებს მექსიკის გავლით აშშ-ში გადაყვანას სთავაზობდა. თანხას წინასწარ ართმევდა, მაგრამ პირობას არ ასრულებდა.
ინფორმაცია 48 წლის კაცის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულმა კ.თ-მ სულ მოქალაქეების კუთვნილი $23 900 და 2 600 ევრო მიითვისა. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავებული წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.