უკრაინის ვალუტის მცურავ რეჟიმში გაშვების შემდეგ მასზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ გრივნა არ დაეცა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ანდრეი პიშნიიმ განაცხადა.
მისი თქმით, ფიქსირებული კურსის გაუქმების შემდეგ, გრივნა „კოსმოსში არ გაფრინდა“, როგორც რუსები უწინასწარმეტყველებდნენ.
1 აშშ დოლარის ღირებულებამ 36.59 შეადგინა, რაც მხოლოდ 0.06%-იანი ზრდაა.
„ჩვენი მიზანია ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება. დარწმუნებული ვარ, ინტერვენციები თანდათან დასტაბილურდება. იქნება გაცვლითი კურსის რყევები, მაგრამ ორივე მიმართულებით და ძალიან უმნიშვნელო“, – დასძინა უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა 3 ოქტომბრიდან გრივნას კურსი ფიქსირებულიდან თავისუფალ რეჟიმზე გადაიყვანა. ფიქსირებული კურსი რუსეთის უკრაინაში შემოჭრის დაწყებიდან მოქმედებდა, რაც გაცვლითი კურსის რყევების შეკავებისკენ იყო მიმართული.