კვირას, 14 მაისს გიდები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. გიდები აპროტესტებენ ამ ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მომრავლებას, რომლებიც ტურიზმის სექტორში გიდებად თვითნებურად დასაქმდნენ და უცხოელ ტურისტებს ემსახურებიან.
ადგილობრივი გიდების სურვილია, გიდებს მოეთხოვებოდეს საქართველოს მოქალაქეობა და სახელმწიფო ენის B2 დონეზე ცოდნა.
მიგრანტების შემოსვლამ საქართველოში გამოიწვია ის, რომ რუსეთის მოქალაქეებმა გახსნეს ტურისტული სააგენტოები და დაიწყეს გიდობა.
მათ დაჰყავთ ჩამოსული უცხოეთის მოქალაქეები ტურებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და არაკვალიფიციურობის გამო ხშირად აწვდიან არასწორ ინფორმაციას საქართველოს ისტორიის შესახებ.
როგორც ადგილობრივი გიდები ამბობენ, რუსმა გიდებმა დაიწყეს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული უცხოელი ტურისტების მომსახურებაც.
გიდების პროტესტს იწვევს ისიც, რომ სახელმწიფო ამ სექტორს არ არეგულირებს, ყველას აქვს უფლება, დაიწყოს გიდად მუშაობა. მათი მოთხოვნაა, შეიზღუდოს ასეთი პირების მუშაობა და მათ საქმიანობაზე დაწესდეს კონტროლი.
ცნობისთვის, მთავრობამ შეიმუშავა ტურიზმის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ტურისტულ გიდს დაუწესდება საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კერძოდ, გიდობის უფლება ექნება 18 წელს მიღწეულ პირს, რომელიც არ იქნება ნასამართლევი განზრახ, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ეცოდინება ქართული ენა B2 დონეზე და ასევე, B2 დონეზე ის უცხო ენა, რომელზეც ტურს ატარებს.
ტურისტული გიდის პროფესიული სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება. სერტიფიცირებულ გიდებს ოფიციალური სამკერდე მოწმობა ექნებათ, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასცემს.