ბერლინისა და ჰამბურგის აეროპორტებში თანამშრომლების გაფიცვის გამო ასობით რეისი გაუქმდა.
აეროპორტების თანამშრომლები, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, ორშაბათს გაიფიცნენ, რის გამოც გერმანიის ორივე ქალაქში ფრენები ვეღარ შესრულდა.
ბერლინის აეროპორტში გაუქმდა 220-ივე გამავალი რეისი და 240-დან 70 შემომავალი რეისი. ჰამბურგის აეროპორტმა 160 რეისიდან 50 გააუქმა.
გაფიცვა დილის 3:30 საათზე დაიწყო და შუაღამემდე გასტანს.
პროფკავშირების გაერთიანება დამსაქმებლებისგან მოითხოვს პრემიების დაწესებას უქმეებზე და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის.
ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში გაფიცულები არიან უსაფრთხოების სამსახურის, მგზავრებისა და საქონლის კონტროლის თანამშრომლები. ვინაიდან მათ გარეშე მგზავრების შემოწმება და უსაფრთხოების ზონაში შეყვანა შეუძლებელია, აეროპორტი იძულებული გახდა, ყველა სამგზავრო რეისი გაეუქმებინა.
გასულ კვირას გერმანიის მთავრობა და პროფკავშირები 2,5 მილიონზე მეტი მუშაკისთვის ხელფასების გაზრდის თაობაზე შეთანხმდნენ, თუმცა, ეს შეთანხმება არ ეხებოდა აეროპორტის თანამშრომლებს.
პროფკავშირების გაერთიანებამ გამოაცხადა, რომ მალე გაიფიცებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაკებიც ქვეყნის იმ ქალაქებში, სადაც ხელფასების მომატებაზე შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.