გერმანიის მთავრობის მიერ დაპირებული 18 Leopard 2 უკრაინაში ჩავიდა, ამის შესახებ Der Spiegel საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გერმანიის ხელისუფლებამ ტანკების კიევისთვის მიწოდების გადაწყვეტილება საკმაოდ ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, დაახლოებით ორი თვის წინ მიიღო. საბოლოოდ, მან გერმანული ტანკების მიწოდების უფლება მისცა იმ ქვეყნებსაც, სადაც ისინი შეიარაღებაში აქვთ. Leopard 2-ს, რომლებსაც გერმანია აწარმოებს, სხვა ქვეყნებს იმ პირობით აძლევენ, რომ ისინი რეექსპორტს ბერლინთან შეათანხმებენ.
Der Spiegel-ის ცნობით, ტანკებმა გერმანია გასული კვირის ბოლოს დატოვეს და უკრაინის საზღვარი უკვე გადაკვეთეს. საბრძოლო ზონაშია ასევე 40-მდე გერმანული საბრძოლო მანქანა Marder. გერმანიის მთავრობა უსაფრთხოების მიზნით იარაღის მიწოდების ზუსტ მარშრუტს საიდუმლოდ ინახავს.
თავდაპირველად გერმანია უკრაინას 14 Leopard 2-ის მიწოდებას დაჰპირდა. მაგრამ შემდეგ, ბერლინმა გადაწყვიტა, კიევში დამატებით ოთხი ტანკიც გაეგზავნა.
ევროპის რამდენიმე ქვეყანა – პოლონეთი, პორტუგალია, ფინეთი და შვედეთი, თანახმა არიან, უკრაინას მომავალ თვეებში ათობით საბრძოლო ტანკი მიაწოდონ.
ამჟამად უკრაინელი სამხედროები ინტენსიურ მომზადებას გადიან Leopard-2-ის ასათვისებლად. მათი ოთხკვირიანი კურსები, გერმანიასა და ესპანეთში ტარდება.
ევროპას დაახლოებით 2 000 სხვადასხვა მოდელის Leopard 2 ტანკი აქვს. ისინი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი საბრძოლო ტანკებია. ერთი ტანკის წარმოება გერმანიას $11 მილიონამდე უჯდება.
ვარშავას შეიარაღებაში დაახლოებით 200 Leopard 2 აქვს, მაგრამ ამბობს, რომ ის უკრაინას მხოლოდ 14 ტანკს მიაწვდის. მან პირველი ტანკი უკრაინაში 24 თებერვალს გაგზავნა. პოლონეთს ჯერ არ დაუსრულებია უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა.
ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ კიევს ესპანეთი 10 Leopard 2-ს გაუგზავნის.
მაგრამ, ზოგიერთმა ქვეყანამ აღმოაჩინა, რომ მათ შეიარაღებაში არსებული ტანკები არ მუშაობენ ან აკლიათ სათადარიგო ნაწილები. გერმანია და დანია წლის ბოლომდე Leopard 1-ის 150 მოდელის განახლებასა და უკრაინაში გაგზავნას აპირებენ.
შვეიცარია უარს ამბობს თავისი 134 Leopard 2-დან რამდენიმე მაინც გაგზავნოს უკრაინაში, მაგრამ ის მზადაა, ტანკები გადასცეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.
განიხილება კიდევ ერთი ვარიანტი, რომ ევროპის ქვეყნებმა უბრალოდ იყიდონ მეტი ლეოპარდი, რომელიც დამზადებულია გერმანული კომპანიების Rheinmetall-ისა და Krauss-Maffei Wegmann-ის მიერ და გაგზავნონ უკრაინაში. თუმცა, ისინი ამ საკითხზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ.