მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ დამნაშავეთა ბანდამ გაიტაცა 50-მდე მიგრანტი, რომლებიც ავტობუსით ქვეყნის ჩრდილოეთში აშშ-ის საზღვრისკენ მიდიოდნენ.
პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი მათგანი გადაარჩინეს, დანარჩენებს კი ეროვნული გვარდია მექსიკის ქალაქ მატეხუალას მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებს.
მედიის ცნობით, ცხრა ადამიანს მიაგნეს, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს, დაახლოებით 40 კი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ვინც გადაარჩინეს, ისინი, ვენესუელიდან და ჰონდურასიდან არიან, – ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ბანდა თითოეული გატაცებული ადამიანისთვის გამოსასყიდის სახით, $1 500-ს ითხოვს.
„სამწუხაროდ, არსებობს ბანდები, რომლებიც გატაცებაში მონაწილეობენ“, – ამბობს ლოპეს ობრადორი.
ბანდები და ნარკოკარტელები დიდი ხანია აქტიურობენ იმ მხარეში, სადაც ხელისუფლება ამჟამად მიგრანტებს ეძებს.
ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, როცა დამნაშავეთა ჯგუფებმა მიგრანტები გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით გაიტაცეს.
მექსიკის მიგრაციის ეროვნულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ გასულ წელს მექსიკაში 2 100-ზე მეტი მიგრანტი გაიტაცეს.
დაახლოებით 35 ადამიანი, მათ შორის ტურისტები და მიგრანტები, გასულ თვეში ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში გაიტაცეს. მოგვიანებით ისინი უდაბნოში აღმოაჩინეს.