აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდის შესახებ. ამით შეერთებული შტატები თავიდან აიცილებს დეფოლტს, რომელიც ბიუჯეტის ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ელოდებოდა.
ბაიდენის მიერ დამტკიცებული საგადასახადო ვალდებულების აქტი მთავრობის სესხზე ჭერს დაადგენს 2025 წლის 1-ელ იანვრამდე, რომელიც 2025 წლის 2 იანვრიდან გაიზრდება, შეჩერების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.
სახელმწიფო ვალის ლიმიტი $31,4 მილიარდის ზღვარზე გაჩერდება.
კანონპროექტი ითვალისწინებს ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას მთელ რიგ საშინაო პროგრამებზე, ასევე, ის 2024 წელს თავდაცვის ხარჯების ზრდას 3%-მდე შეზღუდავს.
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი მომავალ წელს $886 მილიარდს არ გადააჭარბებს, ხოლო არათავდაცვის ბიუჯეტი – $704 მილიარდს. ფისკალურ 2025 წელს კი მაჩვენებლები გაიზრდება შესაბამისად $895 და $711 მილიარდამდე.
პრეზიდენტის ხელმოწერამდე კანონპროექტი აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. მას 63-მა სენატორმა მისცა ხმა, 36 წინააღმდეგი იყო. მანამდე დოკუმენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცდა, სადაც მომხრე 314 კანონმდებელი იყო, ხოლო 117 იყო წინააღმდეგი.
ასეთი გადაწყვეტილება ბოლომდე არც რესპუბლიკელების და არც დემოკრატების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
რესპუბლიკელები ცდილობდნენ ხარჯების კიდევ უფრო შემცირებას, რაც ათწლეულის განმავლობაში $1,5 ტრილიონის დანაზოგს შექმნიდა. ხოლო დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ სახელმწიფო ვალზე ლიმიტის დადგენას, უმეტესად ფედერალური პროგრამების შემცირების გამო, რომლებიც მიზნად ისახავს სიღარიბის დაძლევას.
მანამდე აშშ-ის სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ვალის ლიმიტის პრობლემა 5 ივნისამდე თუ არ მოგვარდებოდა, ხაზინაში ფული ამოიწურებოდა და ქვეყანას დეფოლტი დაემუქრებოდა.