საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებულ სამედიცინო სერვისებში თანაგადახდაზე ზედა ზღვარი წესდება. ამ საკითხზე მთავრობის გუშინდელ სხდომაზე იმსჯელეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, დადგინდება თანხის მაქსიმალური რაოდენობა, რომლის ზემოთაც სხვადასხვა ლიმიტის მქონე ადამიანებს თანხის გადახდა არ მოუწევთ.
სოციალურად დაუცველების შემთხვევაში, თანაგადახდა 0%-ს შეადგენს. მათ სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ეს პუნქტი უცვლელი დარჩება.
პენსიონერები თანადაფინანსების სახით სამედიცინო მომსახურების ღირებულების ისევ 10%-ს გადაიხდიან და ახალი ლიმიტით, ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, არაუმეტეს 500 ლარის გადახდა მოუწევთ.
ბავშვების შემთხვევაში, თანადაფინანსების ოდენობა 20%-ია, ხოლო 40 ათას ლარამდე წლიური შემოსავლის შემთხვევაში, მისი ოჯახი 30%-ს იხდის.
ამერიდან, 18 წლამდე ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის თანაგადახდის განაკვეთი ისევ 20% და არაუმეტეს 1000 ლარი იქნება, ხოლო ყველა დანარჩენისთვის, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც 3500 ლარზე ნაკლებია, არაუმეტეს 1500 ლარი.
თანაგადახდა პრობლემური რჩება იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც გარკვეული შემოსავალი უფიქსირდება და შესაბამისად, თანაგადახდის წილიც ყველაზე მაღალი – 30% აქვთ. მათ ძვირად ღირებული სამედიცინო სერვისების შემთხვევაში, თანაგადახდის მაღალი ხარჯი აქვთ, რაც მათთვის მკურნალობას ართულებს.