სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით შესამოწმებლად 345 ნიმუში აიღო, მათ შორის, პესტიციდის 313 და აგროქიმიკატის 32 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. ნიმუშები აღებულია 188 სარეალიზაციო ობიექტიდან.
აღებულ ნიმუშებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფალსიფიკაციის ფაქტები არ გამოვლენილა.
თუმცა, გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, მარკირების წესისა და შეფუთვა-დაფასოების წესის დარღვევა, ვადაგასული და არარეგისტრირებული პრეპარატის რეალიზაცია და უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა.
სულ დაჯარიმდა 91 სარეალიზაციო ობიექტი.
მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდისა და აგროქიმიკატის 500 ნიმუშის აღებას გეგმავს.
არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული აგროქიმიკატი ან პესტიციდი სერიოზული ზიანის მომტანია როგორც სოფლის მეურნეობისათვის, ასევე ადამიანისა და გარემოსათვის. ხარისხიანი და უვნებელი მოსავლის მისაღებად მნიშვნელოვანია არაორგანიზებული რეალიზაციის ფაქტების აღკვეთა, მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსებისა და რეალიზაციის პირობების რეგულირება, სანიტარიული ნორმების და შენახვის პირობების დაცვა.