უკვე მეოთხე წელია, თამუნა ბუხრაძე და ბაჩო კეზევაძე სამი შვილით რაჭაში, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.
ყველაფერი პანდემიის დროს დაიწყო. მანამდე თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ცხოვრობდნენ.
თამუნას ოჯახი რაჭიდანაა. ულამაზეს სოფელში მთელმა ოჯახმა ერთად აღადგინა მამაპაპისეული სახლი, რომელშიც ზაფხულობით თამუნას და მისი დების ოჯახები ისვენებდნენ.
თამუნა ამბობს, რომ პანდემიამდეც ჰქონდათ ფიქრები – სადმე თბილისთან ახლოს ეყიდათ სახლი და ქალაქის მტვრისგან, საცობებისგან მოშორებით სუფთა ჰაერზე ეცხოვრათ. რაჭაში ცხოვრებაზეც უფიქრიათ, ოღონდ შორეულ მომავალში.
გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა ცხოვრება
ასე ერთიანად გადასვლაზე არც უფიქრიათ. ბავშვები სკოლაში და ბაღში დადიოდნენ, 11 წლის ანუკა და 7 წლის მარიამი მე-60 სკოლაში სწავლობდნენ, 4 წლის ნატალი კი ბაღში დადიოდა. თამუნასაც ჰქონდა სამსახური და სადმე გადასვლის გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ იყო მარტივი.
თუმცა, პანდემიამ მათი ცხოვრება სრულიად შეცვალა.
თავიდან, იმის გამო, რომ სამი ბავშვის ოთახში გამოკეტვა რთული იყო, გადაწყვიტეს, ცოტა ხნით წასულიყვნენ რაჭაში.
თუმცა, ეს ცოტა ხანი უკვე მეოთხე წელია გრძელდება. 2020 წლის მარტში თამუნა და ბაჩო სამი შვილით რაჭაში, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში ჩავიდნენ და აქედან იწყება მათი რაჭული ისტორია.
დიდხანს დარჩენაზე მართლა არ უფიქრიათ. მოაწესრიგეს ეზო, რომ ულამაზესი ხედები უფრო კარგად გამოჩენილიყო. გზაც გასაკეთებელი იყო. ამაზეც იზრუნეს.
იმ პერიოდში უკვე ხვნა-თესვის სამუშაოები დაწყებული იყო, პანდემიას კი დასასრული არ უჩანდა და წყვილმა გადაწყვიტა, ეზრუნათ სამომავლოდ საკვებზე და პატარა ბოსტნის გაკეთება დაიწყეს.
ეს იყო ყველაზე საინტერესო პროცესი, მანამდე წყვილმა არც კი იცოდა, როგორ უნდა დაეთესათ, მოეყვანათ პროდუქტი. ძალიან ბევრი ისწავლეს. ინტერნეტში ეძებდნენ ინფორმაციას, გაწევრიანდნენ სოფლის მეურნეობის თემატიკის უამრავ ჯგუფში.
თამუნა ამბობს, რომ ბოლომდე ეჭვი ეპარებოდა, დათესილიდან თუ აღმოცენდებოდა მცენარე. ბავშვებიც მოუთმენლად ელოდნენ თავიანთი შრომის შედეგს.
შედეგმა ნაყოფი გამოიღო – ყველაფერი, რაც დათესეს, აღმოცენდა, გადაწყდა – სექტემბრამდე რჩებოდნენ.
მოსავალი მართლაც მრავალფეროვანი იყო – თითქმის ყველანაირი მწვანილი, კიტრი, პომიდორი, ლობიო, სიმინდი, გოგრა, საზამთრო, ნესვი და სწორედ ამ დროს დაფიქრდნენ – წასულიყვნენ თუ არა სექტემბერში თბილისში.
დასხდნენ, მოილაპარაკეს ბავშვებთან, თითოეულს ჰკითხეს აზრი, სად ერჩივნათ, რაჭაში თუ თბილისში. იმ დროისთვის ჯერ კიდევ ონლაინ სწავლა იყო და გადაწყვიტეს, ერთი წლით კიდევ დარჩენილიყვნენ.
ცივი ზამთრის შიშის მიუხედავად, გადაწყვეტილება მტკიცე იყო.
ბაჩომ შეშაზე ზრუნვა დაიწყო. იმ წელს ჯერ კიდევ არ იყო შარდომეთში გაზი. საკუთარ ეზოში, ნაკვეთში მოიპოვეს საკმარისი შეშა.
რაჭის ცივი და სუსხიანი, მკაცრი ზამთარი კეზევაძეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მანამდე ზაფხულის გარდა რაჭაში არცერთი სეზონი არ ჰქონდათ ნანახი.
იღებდნენ სტუმრებს თბილისიდან.
მკაცრი ზამთრის ყველა დისკომფორტს უნაზღაურებდათ ულამაზესი გარემო, საკუთარი შრომით მოყვანილი საკვები, საოცარი შეგრძნებები, რასაც ყოველდღე განიცდიდნენ.
ზაფხულში კიდევ ერთხელ დასხდნენ და იმსჯელეს. ბავშვებმა ერთხმად გადაწყვიტეს რაჭაში დარჩენა!
გადაწყვეტილების მიღება ყველაზე მეტად ანუკას გაუჭირდა – სუხიშვილების საკონცერტო ჯგუფში ცეკვავდა და ყველაზე ძალიან ამ ჯგუფის დატოვება უჭირდა. თუმცა, საბოლოოდ განაცხადა, რომ აქ ჩემი თავი ვიპოვეო, და ორივე დაც მაშინვე დაეთანხმა.
დიახ, რაჭაში მართლაც აღმოაჩინეს ბავშვებმა ახალი შესაძლებლობები, ახალი მისწრაფებები გაუჩნდათ. ბევრად თავისუფლები, ლაღები და ბედნიერები არიან.
ონის საჯარო სკოლა
ბავშვებს ყველაზე მეტად დილით ადრე ადგომა და მანქანით სოფლიდან სკოლამდე საკმაოდ დიდი და არც თუ მოწესრიგებული გზის გავლა უჭირდათ.
პირველ დღეს ნერვიულობდნენ, ფიქრობდნენ, როგორ შეეჩვეოდნენ ახალ სკოლას, კლასელებს.
ანუკა ძალიან მარტივად შეეგუა, პატარებს ცოტა გაუჭირდათ, თუმცა, ეს პერიოდი მალე დაძლიეს. ყველაზე დიდი დისკომფორტი მაინც გზა იყო, თანაც ყოველ დილით.
დღეს სამივეს ჰყავს ახალი მეგობრები. დადიან ცეკვაზე, ხატვაზე – ონის სამხატვრო სკოლაში, სწავლობენ ძერწვას და ქარგვას.

თამუნა და ბაჩო გადაწყვეტილებას ამ გადასახედიდან დადებითად აფასებენ. არ ნანობენ, თუმცა აქვთ ეჭვები, რამეს ხომ არ აკლებენ ბავშვების განათლებას. ამიტომ გადაწყვიტეს, ინგლისურის გაკვეთილებს ბავშვები ონლაინ დასწრებოდნენ.
თამუნა, ამბობს, რომ ონის საჯარო სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა და ამ მხრივ კმაყოფილები არიან. ბავშვები მართლაც სრულფასოვან, ხარისხიან ცოდნას იღებენ აქ.
თუმცა, ონში მაინც ბევრი რამის დანაკლისს განიცდიან ბავშვები. მხოლოდ ერთი სკვერია ქალაქში. ამ მიმართულებით ბევრი რამეა ონში გასაკეთებელი. არ არის კინო, თუმცა, ამ პატარ-პატარა დანაკლისებს სამ-ოთხ თვეში ერთხელ თბილისში ჩასვლისას ივსებენ. თამუნას უფრო ხშირად უწევს თბილისში ჩასვლა სამსახურის გამო – დისტანციურად მუშაობს ერთ-ერთ ქართულ-გერმანულ კომპანიაში ფინანსების მიმართულებით.
ყველაზე მეტად რა ენატრებათ ონში
ბურგერი, კავეა და ლუკა პოლარეს ნაყინი, – სამივე ერთხმად ამბობს.
ენატრებათ თბილისელი მეგობრები, ძველი ურთიერთობები.
აქვთ პატარ-პატარა დანაკლისები, მაგრამ რაჭა და ოჯახური გარემო ამ დანაკლისებს უვსებენ – ბურგერებსაც თვითონ აკეთებენ სახლში და ნაყინსაც.
სამომავლო მიზნები
აუცილებლად იცხოვრებენ რაჭაში, თუმცა, ყოველთვის ბავშვებთან ერთად იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ალბათ, დადგება დრო, როცა ბავშვების განათლების მისაღებად მოუწევთ თბილისში წასვლა.
თუმცა, ბაჩო და თამუნა ამბობენ, რომ მათი მომავალი რაჭაშია. ბავშვები კი, სრულწლოვნები რომ გახდებიან, თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
მიუხედავად ყოველდღიური რუტინისა, აქ რაჭაში ყველაფერი სხვანაირადაა.
ყოველი დღე იწყება სასიამოვნოდ და ასევე გრძელდება ყველასთვის – ოჯახის ხუთივე წევრისთვის.
ულამაზესი მთები დაჰყურებს ტყის პირას აშენებულ მათ სახლს, ირგვლივ სიმწვანეა. ყოველდღიური პრობლემებით დატვირთული ცხოვრება ბევრად მსუბუქი გეჩვენება აქ. უწევთ ფიზიკური შრომა, რაც ძალიან მოსწონთ დიდებსაც და პატარებსაც.