BRG იწყებს რუბრიკას, რას ვიხდით ქვეყნის ბიუჯეტში, სადაც გაგაცნობთ საქართველოში მოქმედი გადასახადების სახეებსა და მათ შინაარსს.
რუბრიკის პირველ სტატიაში აქციზის გადასახადის შესახებ ვისაუბრებთ, კერძოდ, თამბაქოს დაბეგვრის წესს გაგაცნობთ. ხოლო მომდევნო სტატიებში ინფორმაციას ნავთობისა და ავტომობილების აქციზის შესახებ მოგაწვდით.
გადასახადები, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტში ვიხდით
ქვეყნის ბიუჯეტის 85%-ზე მეტს ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადები შეადგენს. ანუ თანხა, რომელიც გვეჭრება ხელფასებიდან, დამატებული ღირებულების, აქციზის თუ სხვა გადასახადის სახით – სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის.
საქართველოში ექვსი სახის გადასახადი მოქმედებს, საიდანაც ხუთი სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის. ეს გადასახადებია:
- საშემოსავლო გადასახადი – 20%+2%+2%
- გაუნაწილებელი მოგების გადასახადი – 15%+5%
- დამატებული ღირებულების გადასახადი – 18%
- იმპორტის გადასახადი – 5%; 12%
- აქციზი სხვადასხვა განაკვეთით
- ქონების გადასახადი – <1%
კიდევ ერთი გადასახადი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში გროვდება და მას ადგილობრივ გადასახადს უწოდებენ.
რა არის აქციზი?
აქციზი სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსულობების მნიშვნელოვანი წყაროა, შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა დაინტერესებულია, ეფექტიანი სააქციზო პოლიტიკა ჰქონდეს.
აქციზით იბეგრება საზოგადოებისათვის „მომეტებული საფრთხის“ შემცველი პროდუქტი, კერძოდ:
- თამბაქო და ალკოჰოლი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით
- ნავთობპროდუქტები – გარემოს დაცვის მიმართულებით
- აზარტული თამაშები და პროსტიტუცია – სოციალური მორალის მხრივ
რა არის აქციზის მიზანი? ფასი ისე გაიზარდოს, რომ ნაკლებმა ადამიანმა მოიხმაროს პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობას და ბუნებას აზიანებს.
თამბაქო და მისი შემცვლელი პროდუქტების დაბეგვრის წესი საქართველოში
თამბაქოს ფასში ასახულია თითქმის ყველა გადასახადი, მაგრამ ყველაზე დიდი წილი აქვს აქციზს.
თამბაქოს ნაწარმის აქციზი ორი გადასახადისგან შედგება: ფიქსირებული და ადვალური.
- ფიქსირებული – ფილტრიანი სიგარეტები (თამბაქოს შემცველობით), კაფსულები და მსგავსი სახის პროდუქტები, თამბაქოს ნაწარმი წვის პროცესის გარეშე, ორთქლის მისაღებად გამოსაყენებელი – იბეგრება 1,7 ლარით (20 ცალი);
- ადვალური – გადასახადი იანგარიშება პროდუქტის სარეალიზაციო ფასის 30%-ის ოდენობით.
თამბაქოზე აქციზი 2013 წლიდან 6-ჯერ გაიზარდა, მათ შორის 2-ჯერ ერთბაშად – 35%-ით (2017) და 52%-ით (2019).
2015 წლიდან ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე ადვალური აქციზის გადასახადი დაწესდა. ხოლო 2019 წლიდან აქციზის ადვალური ნაწილი 30%-მდე გაიზარდა, როგორც წვადი თამბაქოს, ასევე, თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებისთვის, როგორიც არის ელექტროსიგარეტები და არაწვადი თამბაქო. ანუ ყველა ეს პროდუქტი ამჟამად იბეგრება ფიქსირებული აქციზით 1,70 ლარი + ადვალური გადასახადით ანუ სარეალიზაციო ფასის 30%-ით.
მაგალითად, ერთი კოლოფი სიგარეტი თუ 5 ლარი ღირს. 20 ღერზე ფიქსირებულ განაკვეთს – 1,70 ლარს ემატება 5 ლარის 30% ანუ 1,50 ლარი, რაც 3,20 ლარს შეადგენს. საბოლოოდ, ერთი კოლოფის ფასი 8,20 ლარი გამოდის.
რაც შეეხება დანარჩენ თამბაქოს (თუთუნი), 2016 წლამდე 20 ლარით იბეგრებოდა (დასაბეგრი ერთეული 1 კგ), რაც 2017 წელს 35 ლარამდე გაიზარდა.
როგორ იბეგრება თამბაქოს შემცვლელები სხვა ქვეყნებში
ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა, აშშ, იაპონია, ტაივანი თამბაქოს და მის შემცვლელ პროდუქტებს განსხვავებული განაკვეთით ბეგრავს.
ამ ქვეყნებში არაწვად თამბაქოზე გადასახადი გაცილებით დაბალია, რადგან მიიჩნევა, რომ ის უფრო ნაკლები ზიანის მომტანია.
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში არაწვადი თამბაქო 3-ჯერ ნაკლები განაკვეთით იბეგრება ვიდრე წვადი თამბაქო, ხოლო ელექტროსიგარეტზე ადვალური გადასახადი 0-ია.
აშშ-ის 20-მდე შტატში გასახურებელი თამბაქოზე გადასახადი ნულოვანია. არის შტატები, სადაც ეს პროდუქტები მაღალი განაკვეთით იბეგრება, მაგრამ ყველგან თამბაქოზე ბევრად ნაკლებად.
„განვითარებულმა ქვეყნებმაც გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს, მაგრამ საკუთარი პრაქტიკის გათვალისწინებით, რასაც ახლდა რეგულაციური ანალიზი, მათ შორის, შედეგების კვლევა.
საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კვლევებს არ ეყრდნობა. არ ვიცით, ამ პოლიტიკის შედეგი, გაიზარდა თუ შემცირდა მწეველების რაოდენობა, რადგან სტატისტიკა არ არსებობს“, – აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი.
თამბაქოს კონტროლის გამკაცრების შედეგები
რადგან თამბაქოს დაბეგვრის გაზრდა მეზობელი ქვეყნების პოლიტიკის გათვალისწინების გარეშე მოხდა, ამან არალეგალური პროდუქტის მნიშვნელოვანი შემოდინება გამოიწვია.
დღეს აქციზი დაახლოებით 2-ჯერ მეტია საქართველოში, ვიდრე სომხეთში და 1,5-ჯერ მეტი, ვიდრე რუსეთში. ფასთა შორის მნიშვნელოვანი სხვაობის გამო, სიგარეტის კონტრაბანდა საკმაოდ დიდ მოგებას იძლევა, შესაბამისად, გაზრდილია არალეგალური პროდუქციის შემოდინება სომხეთიდან და რუსეთიდან აფხაზეთის გავლით.
აქციზის ზრდის შედეგები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარება შემცირდა. 2016 წელს NCDC-მ ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ საქართველოში მოქალაქეების 31% მწეველი იყო. 2020 წელს კვლევა ისევ ჩატარდა, მაგრამ სხვა მეთოდოლოგიით. ამ შემთხვევაში მოქალაქეები ტაქსიში გამოიკითხა. ამ კვლევით, მწეველთა რაოდენობა 28.2 %-მდე შემცირდა.
რადგან ორივე ეს კვლევა სხვადასხვა მეთოდოლოგიით არის შესრულებული, ამიტომ არ ვიცით, რეალურად გაიზარდა თუ შემცირდა მწეველთა რაოდენობა და არ ვიცით, რა შედეგი გამოიღო გადასახადის ზრდამ.
„ფასის გამო მწეველების რაოდენობა თითქმის არ მცირდება. სიგარეტზე მოთხოვნის შესამცირებლად სხვა ფაქტორებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ერთ-ერთი ფაქტორი არის განათლება, ასევე, თამბაქოს შემცვლელები.
ამიტომ წვადი სიგარეტის და მისი ალტერნატიული პროდუქტების თანაბრად დაბეგვრა არ არის სწორი მიდგომა და ეს მომავალში უფრო კარგად გამოჩნდება, როცა ალტერნატიული თამბაქოს უკეთ შესწავლა მოხდება“, – აღნიშნავს ზვიად ხორგუაშვილი.