ლარი ბოლო 5 წლის ყველაზე მყარ ნიშნულზეა. თუ მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს კურსი 2.71 GEL/USD იყო, დღეს 2.60 GEL/USD-ია.
Tbc Capital-ის შეფასებით, ამჟამად, ლარი უცხოურ ვალუტასთან, საშუალო კურსის ინდიკატორით (ლარის საშუალო კურსი – დოლარის, ევროს, ლირა, რუბლი და სხვა ვალუტების მიმართ) ზედმეტად არის გამყარებული. თუმცა, გამყარებისკენ გადახრა მკვეთრი არ არის. Tbc Capital-ის მთავარი ეკონომისტის – ოთარ ნადარაიას შეფასებით, ლარის კურსი გრძელვადიანი ტენდენციის შესაბამისი რომ ყოფილიყო, ევროს მიმართ 2.93, დოლარის მიმართ კი 2.75-იან ნიშნულზე იქნებოდა.
უნდა აღნიშნოს, რომ ლარის კურსის პროგნოზისთვის, საშუალო კურსი ერთადერთი ინდიკატორი არაა. კერძოდ, მნიშვნელოვანია სავალუტო შემოდინებების ფაქტორიც. ასევე, მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების მოცულობა. მაგალითად, იანვარში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე $155 მილიონი შეისყიდა, რაც ერთი თვისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და წინა თვეებში, ასევე მაღალ, დაახლოებით $100-მილიონიან ინტერვენციებს აღემატება კიდეც. გარდა იმისა, რომ წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერია, როგორც ჩანს, კურსზე იმოქმედა იმანაც, რომ იანვარში ბანკებიდან უცხოურ ვალუტაში უფრო მეტი კრედიტი გაიცა, ვიდრე ლარში.
ლარის კურსის პროგნოზი
ამ ფაქტორების მიუხედავად, Tbc Capital-ის მთავარი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. ოთარ ნადარაიამ BRG-ისთან საუბარში აღნიშნა, რომ ლარის გამყარება დოლართან მიმართებაში, მომდევნო თვეებში არ არის მოსალოდნელი, თუ ევრო არ გამყარდა დოლართან.
ამასთან, ასევე მნიშვნელოვანია ინფლაციის პროგნოზიც. თავისთავად, თუ მაღალი ინფლაციაა მოსალოდნელი, ლარის კურსის გაუფასურება ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდის. რეალურად კი, ინფლაცია მცირდება. და ამდენად, ინფლაციის გავლენა ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური იქნება, ვიდრე მისი მხარდამჭერი.
„ინფლაცია მცირდება. მაგალითად, წინა თვესთან შედარებით, 0.3%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი იანვრის 9.4%-დან 8.1%-მდე შემცირდა. საყურადღებოა, რომ მაშინ როდესაც წინა თვეების მსგავსად, ინფლაციის მოდერაცია ძირითადად კვლავ იმპორტულ პროდუქციაზე მოდიოდა და თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო, ამჯერად სამომხმარებლო ფასების დინამიკის სხვა მნიშვნელოვანი საზომებიც ინფლაციის შემცირების არგუმენტია. ეს, თიბისი კაპიტალის წინა პროგნოზთან შედარებით, ლარის საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირებაზე მიანიშნებს”, – აღნიშნულია Tbc Capital -ის მიმოხილვაში..