Galt&Taggart-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში საშუალო მოსავლიანობა შესადარის ქვეყნებზე დაბალია.
დარგი ხასიათდება შინამეურნეობების მაღალი წილით და მცირე ზომის მეურნეობებით, რაც დაბალ მოსავლიანობას განაპირობებს.
საქართველო აგრარული პროდუქტის წმინდა იმპორტიორია, გარდა ხილისა.
ბოლო წლების განმავლობაში ხილისა და ხორცის წარმოებამ მოიმატა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების, ბოსტნეულისა და მარცვლეულის წარმოება შედარებით მერყევია.
ბოსტნეულის კლებადი მოსავალი
ბოსტნეულის წარმოებამ საქართველოში 2022 წელს 333.1 მლნ კგ შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14,6%-ით ნაკლებია. წამყვანი პროდუქტებია კარტოფილი (მთლიანი წარმოების 60%), პომიდორი (13%) და კიტრი (8%).
2018 წლის შემდეგ ბოსტნეულის მოსავლიანობა მცირდება.
გასულ წელს ქვეყანაში $47.5 მლნ-ის ღირებულების 150.0 მლნ კგ ბოსტნეულის იმპორტი განხორციელდა. ხოლო ექსპორტზე 34.1 მლნ კგ ბოსტნეული გავიდა, სულ $14.5 მლნ-ის ღირებულების.
ბოსტნეულის ექსპორტის დინამიკა კლებადია.
ძირითადი საექსპორტო პროდუქტები დსთ-ის ბაზარზე გადის.
ბოსტნეულის ექსპორტში 36%-იანი წილი კარტოფილს უკავია, პომიდორი – 13%. ხახვი და ნიორი – 6%.
ბოსტნეულის ექსპორტი ხორციელდება სეზონურად, თუმცა, არასეზონურ თვეებში იმპორტი ბევრად მეტია, რაც ქვეყანას ბოსტნეულის წმინდა იმპორტიორად აქცევს.
ბოსტნეულის ჯამურმა თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 2022 წელს 74.5% შეადგინა.
რა გაზრდის ბოსტნეულის მოსავალს
Galt&Taggart სექტორის შესწავლის შემდეგ ასკვნის, რომ ბოსტნეულის მოსავლიანობის გაზრდისათვის ინვესტიციებთან ერთად საჭიროა საწარმოთა გამსხვილება, ტექნოლოგიების დანერგვა, ჯიშების სწორად შერჩევა, აგრონომებისა და პროექტის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება, მოსავლის აღების შემდგომ პროდუქტის ვარგისიანობის გახანგრძლივება და სხვ.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროდუქტის სტაბილურად მაღალი ხარისხის შენარჩუნება, რასაც სჭირდება პროდუქციის სწორად შენახვა, დასაწყობება და ხარისხის შენარჩუნება ტრანსპორტირებისას.