ბიძინა ივანიშვილმა ბაობაბის ხეების კენიიდან იმპორტის ნებართვა მიიღო.
კენიის კილიფის რაიონში რამდენიმე ცოცხალი ბაობაბი უკვე მოთხარეს და საქართველოში, დენდროლოგიურ პარკში გასატანად მოამზადეს. ამის შესახებ გამოცემა Mongabay წერს. გამოცემა ბაობაბის ხეების კენიიდან საქართველოში გადატანას მილიარდერის ახირებულ ჰობის უწოდებს.
$719-დან $2 158-მდე თითო ბაობაბში
ამოძირკვული ხეებიდან ექვსი ტრანსპორტირებისთვის მზადაა და მათი საქართველოში გადმოტანა ივნისის ბოლომდე იგეგმება.

გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივებს თითოეული ხის სანაცვლოდ 100,000-დან 300,000 კენიურ შილინგს სთავაზობდნენ, რაც დაახლოებით $719-დან $2 158-მდეა.
გამოცემის ერთ-ერთი წყარო ვარაუდობს, რომ მყიდველმა ბაობაბის ხეში გაცილებით მეტი გადაიხადა, მაგრამ ადგილობრივებამდე მხოლოდ 100 000 კენიურ შილინგამდე მივიდა.
ადგილობრივების შემოსავალი მცირეა. მათ ეს ფული ყოველდღიური საჭიროებების დასაფარად სჭირდებათ და მათთვის ბაობაბები „ოქროს საბადოდ” იქცა.
ივანიშვილის მადლიერი კენიელები
ზოგიერთმა ადგილობრივმა განაცხადა, რომ მადლობელია, რადგან ბაობაბებს ვერაფერში იყენებდა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მის ნაკვეთში 20-ზე მეტი ბაობაბი დგას და ერთადერთი სარგებელი, რომელსაც იგი ხეებიდან იღებს, მისი თესლია. ფერმერის თქმით, ბაობაბი დიდი ოდენობით წყალს იღებს ნიადაგიდან, რაც ნაკვეთში სხვა ნათესებს აზარალებს.
ნაღდი ფულის გარდა, ადგილობრივებს, ბაობაბების სანაცვლოდ, დაწყებითი სკოლა აუშენეს, მოაასფალტეს გზას, რომელიც მანამდე არ არსებობდა და წაღებული ბაობაბების ნაცვლად ხეები დარგეს.
მედია წერს, რომ კენიის სხვადასხვა რაიონში ხეების ამოძირკვას საქართველოდან ჩასული გიორგი გვასალია ხელმძღვანელობდა.
BBC-ის თანახმად, გვასალია საკუთარ თავს „მხურვალე გარემოსდამცველს” უწოდებს და ირწმუნება, რომ ბაობაბები გადაარჩინა, რადგან ადგილობრივები კულტივირებისთვის ხეებს ჭრიდნენ.
კილიფიში გარემოს დაცვის აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ კენიიდან ბაობაბის ხეების ექსპორტი კანონდარღვევით ხდება.
ბაობაბის ორი სახეობა – Adansonia grandidieri და A. suarezensis შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო გაერთიანების (IUCN) წითელ ნუსხაში, როგორც გადაშენების პირას მყოფი, ხოლო A. perrieri-ზე მითითებულია, რომ გადაშენების საფრთხის ქვეშ არის.
ბაობაბის ხილი მდიდარია C ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით. მის რბილობს ადგილობრივები აშრობენ და ფქვავენ, რასაც შემდეგ იყენებენ ფაფაში, ასევე კოსმეტიკურ საშუალებებში.