ბიტკოინის ფასმა $47 ათასს გადააჭარბა. ეს მისი მაქსიმალური ნიშნულია 2022 წლის აპრილის შემდეგ.
გაძვირების მიზეზი აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის გადაწყვეტილება გახდა, რომელიც აპირებს, ბირჟაზე დაუშვას კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფონდები (ETF), რომლებიც ციფრულ აქტივებში ახდენენ ინვესტირებას. ამის შესახებ, Bloomberg წერს.
მარეგულირებლის გადაწყვეტილებისთანავე ბიტკოინი 6.2%-ით, $47,007-მდე გაძვირდა.
გასულ წელს ბიტკოინის ღირებულება თითქმის 160%-ით გაიზარდა იმის მოლოდინით, რომ მარეგულირებელი მალე კრიპტოვალუტების ფონდებზე ვაჭრობის ნებართვებს გასცემდა.
ბიტკოინის ფასი ყველა დროის მაქსიმუმზე 2021 წლის ნოემბერში იყო, როცა ის თითქმის $69,000 ღირდა.
ბიტკოინის კვალდაკვალ მოიმატა სხვა ციფრული ვალუტების ფასებმაც.
ყველაზე მეტად ეთერიუმი გაძვირდა, დაახლოებით, 3.8%-ით, $6,170-მდე.
ხოლო კარდანო (Cardano), სოლანა (Solana’s SOL) და პოლკადოტი (Polkadot) 7-9%-ით გაძვირდა.
2022 წელი კრიპტოვალუტებისთვის ცუდი წელი იყო. მათი ფასი მკვეთრად დაეცა. თუმცა, 2023 წელს ძალები აღიდგინეს. ბიტკოინი 2023 წლის დასაწყისში $16,5 ათასი ღირდა. 2024 წლის იანვარში კი ყველაზე ძლიერი კრიპტოვალუტის ფასმა (ბიტკოინი კრიპტოვალუტის $1,7 ტრილიონის საბაზრო კაპიტალიზაციის ნახევარზე მეტს შეადგენს) $45 000-ს გადააჭარბა.