ბექა გონაშვილმა მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ასოციაციას ის 13 წელი ხელმძღვანელობდა. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელში, საკუთარ გვერდზე, გამოაქვეყნა.
„გადავწყვიტე ამჯერად საბოლოოდ დავტოვო საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტი, ასევე სხვა მომიჯნავე ორგანიზაციები, სადაც ვიყავი წარმოდგენილი როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ან მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენელი“, – წერს ბექა გონაშვილი.
მან თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ასევე, ფერმერთა ასოციაციას, ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
„ერთ-ერთი აქტიური და „გაბაზრებული“ ასოციაცია ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი ისე ვერ მოვაწყვეთ. როგორც გულით გვინდოდა. განსაკუთრებულად ვეცადე პრაგმატულები ვყოფილიყავით და გამოგვეყვანა როგორც მთავრობასთან კოოპერაცია ისე ფერმერებთან თანამშრომლობით საერთო პრობლემების გადაწყვეტა:
– ირანის ბაზრის გახსნა (2010 წელი)
– ცხვრის გადასარეკი ტრასის დარეგისტრირება(2010- დან დღემდე ჩემი ტკივილია)
– სხვადასხვა საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში ჩვენი სახელის დაფიქსირება, მათ შორის მატყლის მიმართულებით
– სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის მიღება ქართული ცხვრის პოპულარიზაციის კუთხით და ასევე სხვადასხვა ქვეყნებში სიახლეების და ჯიშების მიღწევების გაზიარება;
– გასაბანებლების (ბიო უსაფრთხოების წერტილების) მოწყობა, რომელიც მერსი ქორფსის და პირადად ჰელენ ბრადბერის ძალიან აქტიური ჩართულობით და დახმარებით მოეწყო. ახლა უკვე 7 ლოკაციაზეა, სადაც ფერმერებს შეუძლიათ გააბანონ წრპ და მრპ უფასოდ.
– ასევე მერსი ქორფსის დახმარებით დასაწყურებლების მოწყობა
– სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების გაიჯარების პროგრამა მიღებაში წვლილის შეტანა;
– აქტიური წვლილი შევიტანეთ სახელმწიფო იდენტიფიკაცია- რეგისტრაციის პროგრამის დანერგვაში (თუმცა, ბევრია შეუსაბამო და დაუხვეწელი და ამაზე ბევრია სამუშაო რომ მივიღოთ ადეკვატური პროგრამა);
– არის კიდევ სხვა რიგი საკითხები, რომელსაც აღარ დავკონკრეტდები, ბევრიც იყო პერსონალური დახმარება.
მიუღწეველი საკითხები:
– დღემდე დიდი ტკივილია ჩემთვის ცხვრის გადასარეკი ტრასების დარეგისტრირება, მოწყობა და მისი მართვის იურიდიული საკითხები, რომელიც მიმაჩნია რომ მეცხვარეთა ასოციაციის აქტიური ჩართულობით უნდა ხდებოდეს.
– ცხვრის მატყლისთვის მეტი ღირებულების შეძენა რომ აღმოვფხვრათ ახლანდელი პრობლემა, გადაყრა ჯობია ვიდრე გაყიდვა. (ამაზე გვქონდა უკვე ძალიან ინოვაციური მიღწევა ნაპოვნი და იმედი მაქვს მომავალში ვინმე განახორციელებს, თუმცა მიმაჩნია რომ მატყლის პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია პროექტს რომელიც მხოლოდ ფერმერთა გაერთიანებით, ანუ მეცხვარეთა ასოციაციით იქნება შესაძლებელი.
ბოლო პერიოდში ბევრი პირადი წყენა მივიღე ამ ასოციაციის საქმიანობით, განსაკუთრებით საძოვრების იჯარის გაცემის პროგრამით, რაც მიმაჩნია. რომ იდეალურისგან შორსაა, მაგრამ სწორი ნაბიჯებია გადადგმული და საძოვრის იჯარა მხოლოდ მას უნდა შეეძლოს, ვისაც ჰყავს მოსაძოვებელი და მეცხვარე და მეძროხე არ უნდა დაიჩაგროს გარეშე პირების მიერ.
მე არ ვარ საჯარო პირი კლასიკური გაგებით, მაგრამ თმენის ვალდებულებაც ნამდვილად არ მაქვს, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში. როცა ადამიანის უბრალოდ დაბრალება გინდა და არა გააზრება, გამოსავალი როგორ ვიპოვოთ. ცუდია, როცა ანალიტიკურ მოსაზრებას ვინმე მიზანმიმართულ გეგმად გითვლის. ფერმერების მდგომარეობის გაუარესებისაკენ.
ამიტომ გადავწყვიტე, ამჯერად საბოლოოდ დავტოვო საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტი, ასევე სხვა მომიჯნავე ორგანიზაციები, სადაც ვიყავი წარმოდგენილი როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ან მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენელი“, – წერს ბექა გონაშვილი.