„მაგთისა” და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის დაპირისპირება გრძელდება.
„მაგთი” მორიგ განცხადებას ავრცელებს და ბექაურს ამჯერად არაეფექტიანად მართვაში ადანაშაულებს, რაც კომპანიის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარს აკარგვინებს.
„მაგთი” აცხადებს, რომ 2021 წელს კომისიას შესთავაზეს აუქციონზე 800 მეგაჰერცის სიხშირე გამოეტანა, რათა კომპანიებს 4G ინტერნეტის სიმძლავრეები გაეუმჯობესებინათ, რაც ქვეყნის ბიუჯეტს დამატებით შემოსავალს მოუტანდა.
ამავე დროს, მომხმარებლებისთვის ინტერნეტის სიმძლავრე მოიმატებდა, თუმცა კომისიამ ეს სიხშირე აუქციონზე არ გამოიტანა და მიუთითა, რომ აღნიშნული სიხშირე აუქციონზე 5G აუქციონისას გამოვიდოდა. 2 წლის შემდეგ, კომისიამ 5G აუქციონის პირობები ისე შეადგინა, რომ მასში მონაწილეობაზე „მაგთიმ” და „სილქნეტმა” უარი თქვეს. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტმა შესაბამისი შემოსავალი ვერ მიიღო.
„ბატონი კახა ბექაური სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარს აკარგვინებს და ამავდროულად საქართველოს სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარების მუხრუჭია.
კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაურის 7 წლიანი „მოღვაწეობა“ (კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა 2017 წელს, მანამდე წევრად – 2014 წელს) ნათელი დადასტურებაა, როგორ არ უნდა იმართებოდეს კოლეგიური მარეგულირებელი ორგანო.
ნებისმიერი ქმედება, რასაც ახორციელებს კომისია ბატონი კახა ბექაურის თავმჯდომარეობით არის – არათანმიმდევრული, დარგისათვის დამაზიანებელი და ბარიერების შემქმნელი – პრობლემების გადაჭრის ნაცვლად ხელოვნურად ქმნის ახალ-ახალ დაბრკოლებებს.
ამ ყველაფრის უკან ძირითადად დგას კომისიის თავმჯდომარის არაკომპეტენტურობა, პიროვნული ანგარიშსწორება, არაჯანსაღი ამბიციები და მასზე მორგებული შეუზღუდავი უფლებამოსილება, რაც საბოლოო ჯამში კომისიას აყალიბებს მკვეთრად ნეგატიური გავლენის მქონე სუბიექტად”,- წერია „მაგთის” განცხადებაში.
კომპანია კიდევ ერთხელ გამოთქვამს უკმაყოფილებას 5G ინტერნეტ სიხშირის აუქციონის პირობებთან დაკავშირებით.
„კომისიამ აუქციონზე გამოიტანა სიხშირეები არაგონივრული სალიცენზიო ვალდებულებებით, დაარღვია კანონით გათვალისწინებული ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი.
აუქციონში მონაწილე ოპერატორებისათვის უცნობი იყო კონკრეტულად სიხშირეების რომელ სპექტრს ყიდულობდნენ. თანაც, 4G და 5G ქსელის ასაგებად სიხშირეები კომისიამ იმ ფორმით გამოიტანა, რაც აიძულებდა ოპერატორებს შეეძინათ სიხშირე MVNO-ს იძულებითი (სავალდებულო) დაშვების სალიცენზიო ვალდებულებით (ისევე, როგორც საბჭოთა რეალობაში, ამა თუ იმ კლასიკოსის ტომეულების შეძენისას, გავალდებულებდნენ მარქს, ენგელს, ლენინის ტომეულებიც შეგეძინა).
კომისიის თავმჯდომარის მიერ MVNO-ს იძულებითი დანერგვის მცდელობა ხომ არ არის მისი არაბუნებრივი ინტერესის შედეგი? (!!!) საბოლოოდ რა მივიღეთ? – ორმა უმსხვილესმა ოპერატორმა უარი თქვა აუქციონში მონაწილეობაზე და სახელმწიფო ბიუჯეტმა მხოლოდ ამ კონკრეტულ მაგალითზე ვერ მიიღო ათეულობით მილიონი ლარი.
თავის მხრივ, “მზრუნველი” კომისიის ახირების გამო მილიონობით აბონენტი ვერ იღებს თანამედროვე ტექნოლოგიურ სიკეთეებს, მნიშვნელოვნად ფერხდება მობილური მომსახურების განვითარების პროცესი, სოლიდური ინვესტიციების განხორციელება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შედეგად ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა. ამით კი ხელი ეშლება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს,”– ნათქვამია „მაგთის” განცხადებაში.