ბაობაბის ხეების საქართველოში ექსპორტის საკითხის შესწავლა კენიის გარემოს დაცვის კომიტეტმა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია კენიის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ეროვნული ასამბლეის გარემოს დაცვის, სატყეო მეურნეობისა და სამთო კომიტეტის დეპუტატები რვა ამოძირკვული ბაობაბის ხის შესამოწმებლად ტეზოს თემში ჩავიდნენ.
ბაობაბის ხეები გასულ წელს ამოთხარეს და ისინი საქართველოში ექსპორტისთვის არის გამზადებული. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს კენიის სატყეო სამსახურთან.
კანონმდებლებს აინტერესებდათ, საკითხის გადაწყვეტაში რატომ არ იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. საპასუხოდ, სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა დეპუტატებს განუმარტეს, რომ იმ დროისთვის, როცა ამის შესახებ შეიტყვეს, ბაობაბის ხეები უკვე ამოძირკვული და საექსპორტოდ გამზადებული იყო.
კენიელმა გარემოს დამცველებმა აღნიშნეს, რომ ბაობაბის ხე არ არის გადაშენების პირას მყოფი სახეობა. მათ მოთხრას გარემოზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია და ამიტომ გასცეს მათი გაყიდვის ნებართვა.
კომიტეტის წევრები, სავარაუდოდ, დაწერენ მოხსენებას ვიზიტის შესახებ და მას განსახილველად პალატას წარუდგენენ.