ეროვნული ბანკის მონაცემები აჩვენებს, რომ კომერციული ბანკების მიმართ მათი კლიენტების პრეტენზიების რაოდენობა გაზრდილია. მარტის თვეში საქართველოს კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა 1 710 პრეტენზია შევიდა. თებერვალში ეს მონაცემი 1 656-ს შეადგენდა.
პროდუქტების მიხედვით, ბანკის კლიენტები ყველაზე ხშირად უკმაყოფილებას მიმდინარე ანგარიშებსა და სადებეტო ბარათებთან დაკავშირებით გამოთქვამენ. ამ პროდუქტთან დაკავშირებით მათი 847 განცხადებაა შესული.
პრეტენზიების რაოდენობით მეორე ადგილზე სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული პრეტენზიებია – 223 განცხადება.
მესამე ადგილზე ინტერნეტბანკთან დაკავშირებულ პრეტენზიებია, ასეთი 109 შემთხვევა დაფიქსირდა.
მარტში ბანკებში შესული 1 710 პრეტენზიიდან 880-ზე განხილვა დასრულებულია და ის ბანკებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. საფუძვლიანად მიიჩნიეს 354 პრეტენზია, ხოლო ჯერ კიდევ გრძელდება 469 პრეტენზიის განხილვა. 7 შემთხვევაში განხილვა დასრულდა, პრეტენზია ბანკის მიერ საფუძვლიანადაა მიჩნეული, თუმცა, ხარვეზი არ გამოსწორებულა.
ცნობისთვის, 2022 წლის მარტთან შედარებით, როცა ბანკებში 2 747 პრეტენზია შევიდა, პრეტენზიების რაოდენობა ამჟამად შემცირებულია.