Galt&Taggart-ის მიერ ჩატარებული ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის კვლევა აჩვენებს, რომ საცხოვრებელი ბინების მშენებლობა ეტაპობრივად გადადის ბათუმის ცენტრალური უბნებიდან ბათუმის შემოგარენში (გონიო/ქობულეთის სანაპირო ზოლის გასწვრივ).
ეს პროცესი ბათუმში მიწის მწირი რესურსებით არის გამოწვეული.
2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, უძრავი ქონების ფასები ყველაზე მეტად გონიო-კვარიათსა (+67.7% წ/წ) და ბათუმის შიდა არეალში (+45.2% წ/წ) გაიზარდა.
საერთო ჯამში, ბათუმში ბინების გაყიდვები 2023 წლის მეორე კვარტალში შემცირებულია, თუმცა, ფასი კვლავ მაღალი რჩება.
2023 წლის მე-2 კვარტალში, ბათუმში სულ $209.5 მილიონის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიური 5%-იანი და კვარტალური 7.5%-იანი შემცირებაა.
ამავე პერიოდში ბათუმში სულ 3,944 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 10.2%-იანი და კვარტალურად 10%-იანი კლებაა.
ეს შემცირება ძირითადად განპირობებული იყო პირველად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-15.9% წ/წ); ამასთან, მეორად ბაზარზე ბევრად ნაკლები შემცირება დაფიქსირდა (-1.8% წ/წ).
2023 წლის 1-ელ ნახევარში მცირე და საშუალო ზომის ბინების გაყიდვებმა (26-80მ2 ) ბაზრის 90.1% შეადგინა. ასევე, შეიმჩნევა მოთხოვნის ცვლილება ბიუჯეტური/საშუალო სეგმენტის ბინებიდან პრემიუმ სეგმენტის ბინებზე.
2023 წლის მე-2 კვარტალში, ბინების ფასი ყველაზე მეტად პირველად ბაზარზე გაიზარდა და $1,219 შეადგინა (+33% წ/წ), ხოლო მეორად ბაზარზე შედარებით მცირე ზრდა დაფიქსირდა (+15.7% წ/წ).
ამჟამად ბათუმში 167 პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს.