ბათუმსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლა მაისში უნდა დაიწყოს. ასევე, წლის ბოლომდე დაკავშირდება ფოთისა და კონსტანცას პორტები რეგულარული საბორნე ხაზით.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმისა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლის პროექტზე კომპანია Ukrferry მუშაობს. აღნიშნული კომპანია ადრე ბათუმის მიმართულებით უკრაინიდან კვირაში 3-4 რეისს ასრულებდა. მაისის თვიდან კი ბათუმი-კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას გეგმავს. აღნიშნულ მარშრუტზე Ukrferry კვირაში 1 რეისს შესრულებს. კომპანია რუმინეთში შესაბამისი ტერმინალის დასრულებას ელოდება.
ბათუმი-კონსტანცას გზის გახსნა ხელს შეუწყობს ამ მარშრუტზე ტვირთების დიდი ნაკადის განტვირთვას. როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, არსებული საბორნე მარშრუტები დატვირთულია, რაც გადაზიდვების შეფერხებასა და რიგებს იწვევს. მაღალი მოთხოვნის გამო გაზრდილია მომსახურების საფასურიც.
ამჟამად საქართველოს პორტებიდან საბორნე მიმოსვლა მხოლოდ ბულგარეთის ქალაქების – ვარნასა და ბურგასის მიმართულებით ხორციელდება. ამ პორტებისკენ კვირაში თითო-თითო რეისი სრულდება და ორივე მარშრუტი საკმაოდ დატვირთულია.
წყარო: ბიზნესპარტნიორი