Oxford Economics-ის პროგნოზით, აშშ-ში პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდა 2,5% იქნება. ხოლო წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის რეცესია მეტად არის მოსალოდნელი.
ოქსფორდის ეკონომისტების შეფასებით, ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთების ზრდა წლის მეორე ნახევარში ეკონომიკაზე უფრო დიდ გავლენას მოახდენს. ინფლაცია შედარებით მაღალი იქნება, ხოლო ამერიკულ ბანკებს მკაცრი დაკრედიტების პირობები ექნებათ.
საბანკო სფეროს პრობლემებისა და ფინანსურ ბაზრებზე მოსალოდნელი გამრთულებების გათვალისწინებით, Goldman Sachs-მა 2023 წელს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა 0,3%-ით, 1,2%-მდე შეამცირა.
მშპ-ის ზრდის შედარებით შენელება სამომხმარებლო დანახარჯების შემცირებამ და ექსპორტის კლებამ გამოიწვია. თებერვალში საცალო გაყიდვები, იანვრის თვეში მატების შემდეგ, შემცირდა, რასაც, მაღალი ინფლაციის პირობებში, მოსახლეობის მიერ სამომხმარებლო ხარჯების შემცირება განაპირობებდა.
მომხმარებელთა აქტივობა მარტში შედარებით გაუმჯობესდა.
აშშ-ის ეკონომიკა გასული წლის მეოთხე კვარტალშიც უფრო ნელი ტემპით გაიზარდა, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი. მიზეზი, ამ შემთხვევაშიც, შემცირებული სამომხმარებლო ხარჯები იყო.
2022 წლის ბოლო კვარტალში მშპ-მ 2.6%-იანი ზრდა აჩვენა, რაც მესამე კვარტალში დაფიქსირებულ 3.2%-იან მაჩვენებელს ჩამორჩებოდა.