ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირმა 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის სექტემბრამდე აშშ-ისგან დაახლოებით 61 მილიარდი კუბ. მეტრი თხევადი გაზი (LNG) შეისყიდა, საშუალოდ 3,1 მილიარდი კუბ. მეტრი თვეში. ევროკავშირს ამ პერიოდში იმპორტში სულ $72 მილიარდი აქვს გადახდილი.
ევროსტატის ცნობით, რუსული აირის ექსპორტზე სანქციების დაწესებამდე, აშშ თვეში საშუალოდ 1,25 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა ევროპას.
ამერიკიდან თხევადი აირის შესყიდვამ ევროკავშირს ხარჯები გაუზარდა. ევროპის ქვეყნებმა გაზზე 2-ჯერ მეტი თანხა გადაიხადეს ომამდელ პერიოდთან შედარებით.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მთავარი მიზანი რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება გახდა. მან მკვეთრად შეამცირა რუსული საწვავის იმპორტი, რამაც აირის ფასების ზრდა გამოიწვია.
ფასების ზრდის შესამცირებლად, ევროკომისიამ სხვადასხვა ზომას მიმართა, როგორიცაა კოლექტიური შესყიდვები, ფასების ლიმიტის დაწესება და ენერგიის დაზოგვის ინიციატივების გააქტიურება.
უკრაინის ომის შემდეგ ევროკავშირმა გააძლიერა ენერგეტიკული თანამშრომლობა რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, ალჟირთან და ნიგერიასთან. უპირატესობა თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტს ენიჭება.