აშშ-ის სენატში რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფას.
საბიუჯეტო თანხების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის დაბლოკვის მიზეზი რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის საიმიგრაციო პოლიტიკაზე უთანხმოება გახდა. კანონპროექტი, სამხედრო დახმარების გარდა, საზღვრის უსაფრთხოებისთვის თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ვერ მიიღეს, რესპუბლიკელებმაც და დემოკრატებმაც განაცხადეს, რომ ესმით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელობა და შეეცდებიან, რაც შეიძლება მალე იპოვონ კომპრომისი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოქტომბერში სთხოვა კონგრესს $106 მილიარდის დამტკიცება უსაფრთხოების ხარჯებისთვის. ამ თანხიდან $61,4 მილიარდი უკრაინისთვის, $14,3 მილიარდი კი ისრაელისთვის არის გათვალისწინებული.
გუშინ, 6 დეკემბერს, ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა და მოითხოვა საშობაო არდადეგების დაწყებამდე, დაამტკიცოს უკრაინის დახმარების დაფინანსება.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ფული და დრო უკრაინის მხარდასაჭერად პრაქტიკულად ამოიწურა.