აშშ-ის კონგრესის ლიდერებმა 2024 წლის ფედერალურ ბიუჯეტზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მოცულობა $1,66 ტრილიონით განისაზღვრება.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი $886 მილიარდს შეადგენს, დაახლოებით $773 მილიარდი სხვა მიმართულებით გასაწევი ხარჯებისთვის იქნება გამოყოფილი.
თავდაცვის ბიუჯეტის ოდენობა იმდენივეა, რაზეც გასულ წელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რესპუბლიკური პალატის ყოფილი სპიკერი კევინ მაკკარტი შეთანხმდნენ.
კონგრესმა კანონპროექტების მიღება 19 იანვრამდე უნდა მოასწროს. წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე ძირითადი პროგრამისთვის საჭირო თანხები ამოიწურება. თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება კი 2 თებერვალს იწურება.
წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა 2023 წლის ნოემბერში დროებითი ბიუჯეტი მიიღეს და ამით თავიდან აიცილეს ე.წ. „შათდაუნი“.
გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გამოიწვევს წარმომადგენელთა პალატის ულტრამემარჯვენე კონსერვატორების აღშფოთებას, რომლებიც ხარჯების შემცირებას მოითხოვდნენ.