აშშ განიხილავს საქართველოსთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების პაკეტის გამოყოფას, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა ანტიდემოკრატიულ გეზს შეცვლის, შეწყვეტს ანტიდასავლურ რიტორიკას და შეაჩერებს უკუსვლას ადამიანის უფლებათა კუთხით. ამის შესახებ წერია სტატიაში, რომელსაც POLITICO აქვეყნებს.
ჯო უილსონის მიერ კონგრესში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან „შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად.
ამერიკულ ბაზრებზე წვდომის გამარტივებასთან ერთად, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც ითვალისწინებს.
კანონპროექტი ოფიციალურ პირებს ავალებს, საქართველოსთვის შეიმუშაონ სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს „უსაფრთხოებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და თანმხლები წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ოპერაციების მხარდაჭერის ელემენტებს“.
პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი დემოკრატიის მიმართულებით, რაც დასტურდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი“.
POLITICO გუშინ გამოაქვეყნებულ სტატიაში მიუთითებდა, რომ უილსონის კანონპროექტი ითვალისწინებს ინდივიდუალურ სანქციებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისთვის თუ ისინი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მიიღებენ.