სომხეთთან და აზერბაიჯანთან დანაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა იწყება.
რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადდა.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთები საქართველოს აკავშირებს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან.
პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 61.3 კმ, 4 ზოლიანი, გარე განათების სისტემით უზრუნველყოფილი ბეტონის ჩქაროსნული გზა, 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით.
საგზაო მონაკვეთების მშენებლობა დაყოფილია 4 ლოტად, რაზეც გამოცხადდა ორი ტენდერი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყება და ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან, ეტაპობრივად, 30 თვეში დასრულდება.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდება. ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან გამოყოფილია 250 მილიონი ევროს ოდენობის სესხი.
მაგისტრალური გზის მონაკვეთების პროექტირების სამუშაოები, მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით, ჰოლანდიურმა კომპანიამ შეასრულა.