ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვემო ქართლში უკანონოდ მოწყობილ სამკერვალოებს მიაკვლია, სადაც Adidas-ისა და Nike-ის სასაქონლო ნიშნის მამაკაცისა და ქალის სპორტულ ტანსაცმელს ამზადებდნენ, რომლის რეალიზაცია შემდეგ, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე ხდებოდა.
დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.
სამკერვალოები ქვემო ქართლის რეგიონში, 3 ლოკაციაზე იყო მოწყობილი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 641 ცალი Adidas-ისა და Nike-ის სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული ტანსაცმელი, ასევე ამ ბრენდების დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი, რომელიც განკუთვნილი იყო კონტრაფაქციული საქონლის დასამზადებლად.
აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით.