პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
ამის შესახებ განცხადება სამსახურმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
სამსახური განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღეს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს:
„მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ,” – წერია განცხადებაში.
სად ინახება Yandex. Go-ს მგზავრთა მონაცემები
როგორც ცნობილია, Yandex Go ტაქსის სერვისის ყველა მონაცემი ამჟამად ინახება რუსეთის მონაცემთა ცენტრებში – მოსკოვის, რიაზანისა და ვლადიმირის რეგიონებში.
უკრაინაში ომის დაწყებამდე კომპანია მონაცემების ნაწილს ფინეთის მონაცემთა ცენტრში ინახავდა, მაგრამ სერვისის შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის იგი მონაცემებს ცვლიდა Yandex-ის რუსეთში არსებულ ცენტრებთან.
1-ელი სექტემბრიდან ეფესბე (FSB) ამ მონაცემებზე წვდომას შეძლებს. ივლისში რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა მიიღოს წვდომა ტაქსის კომპანიების მონაცემთა ბაზებზე, პირველ რიგში Yandex-ზე.
ინფორმაციის მედიაში გამოქვეყნების შემდეგ, ფინეთმა და ნორვეგიამ აკრძალეს Yandex-ის მომხმარებლების მონაცემების რუსეთში გადაცემა. თავად კომპანიამ განაცხადა, რომ „მგზავრების შესახებ მონაცემების მიღება მხოლოდ იმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ, სადაც მგზავრობა განხორციელდა“.
Yandex ამბობს, რომ ეს მიდგომა არც 1 -ელი სექტემბრის შემდეგ შეიცვლება.
თუმცა, ცხადია, არ არსებობს გარანტია, რომ რუსული სპეცსამსახურები ამ მონაცემებით არ ისარგებლებენ.