ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 10 808 ტონას მიაღწია,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, 21 %-ით გაიზარდა შემოსავალიც, რომელმაც 2024 წლის 1 მაისი – 14 ივლისის პერიოდში, 12 მლნ 200 ათასს გადააჭარბა.
5%-ით გაზრდილია ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასიც, რომელიც ამ დროისთვის საშუალოდ $1.13-ს შეადგენს.
ატმის ექსპორტის ზრდის პარალელურად მომატებულია მისი საქართველოში იმპორტის მაჩვენებელიც. აღსანიშნავია, რომ იმპორტის ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტის ზრდის დონეს. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში საქართველომ $346.5 ათასის 622 ტონა ატამი იყიდა, რაც 3-ჯერ აღემატება ექსპორტის მაჩვენებელს. ატმის იმპორტი ძირითადად თურქეთიდან ხდება.
საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი კი სომხეთია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში, ატმის და ვაშლატამას ექსპორტმა 165 ათას ტონას გადააჭარბა. ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კი $150 მილიონს მიაღწია.