არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი დაანონსებულ ეკონომიკის „შოკურ თერაპიას” ვალუტის გაუფასურებითა და სამთავრობო ხარჯების შემცირებით იწყებს.
მთავრობა ეროვნულ ვალუტას 50%-ზე მეტად გააუფასურებს აშშ დოლართან მიმართებაში. 1 აშშ დოლარის ღირებულება 391 პესოდან 800 პესომდე ჩამოვა.
მთავრობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მდგომარეობა გაუარესდება, განსაკუთრებით ინფლაციის კუთხით.
სახელმწიფო ხარჯების შემცირება მოიცავს საწვავსა და ტრანსპორტზე სუბსიდიების შემცირებას, სახელმწიფო კონტრაქტებისა და რეკლამების გაუქმებას.
მილეიმ უკვე გააუქმა ცხრა სამინისტრო, რამაც საჯარო სექტორში სამუშაო ადგილები 34%-ით შეამცირა.
ეკონომიკის მინისტრმა ლუის კაპუტომ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ კატასტროფული ეკონომიკური მემკვიდრეობა მიიღო და იძულებულია, მკაცრი ზომები გაატაროს ჰიპერინფლაციის თავიდან ასაცილებლად.
2019 წლიდან არგენტინა პესოს კურსს ხელოვნურად ინარჩუნებდა. ამან ხელი შეუწყო აშშ დოლარზე მოთხოვნის გაზრდას არაფორმალურ სავალუტო ბაზარზე, სადაც პესო ოფიციალურზე გაცილებით დაბალი კურსით ივაჭრებოდა.
არგენტინაში გასულ წელს ფასები დაახლოებით 150%-ით გაიზარდა. ქვეყანას მცირე ფულადი რეზერვები და დიდი სახელმწიფო ვალი აქვს. ხოლო მოსახლეობის 40% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.