თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გახდა ცუდად. განცხადებებს სააგენტო Anadolu ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის პარტიამ და მისმა სპიკერმა თქვეს, რომ ერდოღანის ჯანმრთელობის შესახებ „ამორალური ყალბი ამბები” ვრცელდება.
ისინი ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტი აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და ერთდღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება დაგეგმილ განრიგს.
„ხვალ პრეზიდენტი ატომური ელექტროსადგურის გახსნაში ვიდეობმულით მიიღებს მონაწილეობას. დეზინფორმაცია არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ თურქი ხალხი – თავის ლიდერთან ერთად, 14 მაისის არჩევნებში გაიმარჯვებს“, – განაცხადა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
25 აპრილის საღამოს ერდოღანი ტელევიზიით გამოსვლის დროს მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც გადაცემა შეჩერდა და შემდეგ ნაადრევად დასრულდა. პაუზის შემდეგ პრეზიდენტი სტუდიაში დაბრუნდა და ახსნა, რომ ბოლო დღეების ინტენსიური გრაფიკით გადაიღალა და კუჭის პრობლემები აქვს.