ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ამის თაობაზე მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა.
ბელგიურმა კომპანიამ ანაკლიის ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავების და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოები უნდა განახორციელოს.
„ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა, დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვა”, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.
ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ოთხი კომპანიიდან ტენდერში სამმა მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის ინფორმაციით, პორტის მშენებლობა დაახლოებით $600 მლნ დაჯდება, ხოლო პირველი გემები ნავსადგურმა 2029 წელს უნდა მიიღოს. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება.
როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის 49%-იანი წილის მფლობელი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია, რომელთანაც საქართველო მთავრობა კონტრაქტს უახლოეს მომავალში ოფიციალურად გააფორმებს.
კონსორციუმში შედის ორი ჩინური სახელმწიფო კომპანია: CCCC – „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია“ (China Communications Construction Company Limited) და CHI – „ჩინეთის პორტების ინვესტიციები“ (China Harbour Investment).
პროექტის ინვესტორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის შემოყვანამდე, 2020 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, იმ მოტივით, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. კონსორციუმმა მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა.
30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამბობს, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ინვესტორი კორუფციულ სკანდალებშია გახვეული და აშშ-ს მთავრობის მიერ არის სანქცირებული.