ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული პირველი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, ამერიკელი ამომრჩევლების 72% ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტი ახალი ვადით არჩევის შემთხვევაში, თავისი მოვალეობის შესრულებას ვერ შეძლებს. ამის მიზეზად ამერიკელებმა ბაიდენის კოგნიტიური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა დაასახელეს.
ასეთი შედეგი აჩვენა CBS News-ის გამოკითხვამ, რომელიც კვირას, 30 ივნისს გამოქვეყნდა.
თუ 2024 წლის ივნისის დასაწყისში ბაიდენის ჯანმრთელობას პრობლემად მიიჩნევდა გამოკითხულთა 65%, დებატების შემდეგ მათი რიცხვი 7%-ით გაიზარდა.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შემთხვევაში, გამოკითხულთა 50%-ს სჯერა, რომ მას აქვს უნარი დაიკავოს უმაღლესი თანამდებობა, ხოლო 49%-ს ამის არ სჯერა.
ასევე, დებატების შემდეგ, ამომრჩეველთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ბაიდენმა არ უნდა იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, 63%-დან 72%-მდე გაიზარდა.
ეს მაჩვენებელი გაზრდილია დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლებშიც – 36%-დან 46%-მდე. თუმცა, დემოკრატთა 55% დარწმუნებულია, რომ ბაიდენი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა დარჩეს (45% წინააღმდეგია).
ამავდროულად, ამომრჩეველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დებატების დროს სიმართლე ილაპარაკა ბაიდენმა და არა ყოფილმა პრეზიდენტმა(40% 32%-ის წინააღმდეგ).
CBS News-ის გამოკითხვაში 1130 რეგისტრირებული ამომრჩეველი მონაწილეობდა და ის 28-29 ივნისს ჩატარდა, გამოკითხვის ცდომილების ზღვარი ±4,2%-ია.
როგორც The Guardian წერს, ბაიდენმა თავადაც აღიარა, რომ ტრამპთან დებატებში ცუდად გამოვიდა, მაგრამ თქვა, რომ არ აპირებს საარჩევნო კამპანიის დატოვებას.
”ვიცი, რომ აღარ ვარ ახალგაზრდა, ვიცი, რომ არ დავდივარ ისე მარტივად, როგორც ადრე, ვერ ლაპარაკობ ისე თანმიმდევრულად, როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, რომ უნდა ვთქვა სიმართლე“, – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.