ანაზღაურებად შვებულებას სრულად ამერიკელების მხოლოდ 48% იყენებს, ასეთი შედეგი აჩვენა Pew Research Center-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ.
მათგან ნახევარი, ვინც სრულ შვებულებას არ იღებს, თვლის, რომ დასვენებისთვის ამდენი დღე არ სჭირდება. ამ კატეგორიიდან 49%-ს ეშინია, რომ სამუშაო პროცესს ჩამორჩება, ხოლო 43%-ს აწუხებს, რომ მათი არყოფნისას კოლეგებს დატვირთვა ეზრდებათ.
გამოკითხულთა 19%-ს მიაჩნია, რომ ძალიან ხანგრძლივმა შვებულებამ შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს მის კარიერულ პერსპექტივაზე, ხოლო 16%-ს სამსახურის დაკარგვის ეშინია.
ის, რომ ამერიკელები შვებულებას სრულად არ იყენებენ, ნაწილობრივ დისტანციური მუშაობის პოპულარობამ განაპირობა. ექიმთან ვიზიტი ახლა მათ ვირტუალურად შეუძლიათ, როცა ადრე ამისთვის შვებულების აღება სჭირდებოდათ.
აშშ-ში კერძო კომპანიების თანამშრომლებს წელიწადში საშუალოდ 15-დღიანი შვებულება აქვთ. 20 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებისთვის შვებულება 20 დღემდე იზრდება.