მიუნხენში გერამანიის ფედერალური და რეგიონული კრიმინალური პოლიციის განყოფილებების გამომძიებლებმა ბაიერნის საფეხბურთო კლუბის შტაბში და სტადიონზე – ალიანს არენაზე ჩხრეკა ჩაატარეს. ამის შესახებ გამოცემა Bild წერს.
ჩხრეკის მიზეზი გახდა რუსი ბიზნესმენის – ალიშერ უსმანოვის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, რომელიც ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებას შეეხება. საუბარია ასეულობით მილიონი დოლარის გათეთრებაზე
როგორც გამოცემა წერს, რუსი ბიზნესმენი უსმანოვი კლუბის ექსპრეზიდენტთან – ული ჰოენესთან მეგობრობს. 2022 წელს უსმანოვი საკურორტო ქალაქ ტეგერნსეში იმყოფებოდა, სადაც ჰოენესიც ხშირად სტუმრობდა. ჰოენესთან პირადი კონტაქტის გამო, უსმანოვს არაერთხელ მიუღია VIP ბილეთები ბაიერნის ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის.
უსმანოვი უზარმაზარ ქონებას ფლობს. მისი კომპანიები ლითონებისა და სამთო მომპოვებელ, ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორებში მუშაობენ. მას დასავლური მედია ვლადიმერ პუტინის ფავორიტ ოლიგარქად მოიხსენიებს.
სანქციების მიუხედავად, უსმანოვი მაინც ახერხებდა ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებას. ამიტომ დაახლოებით ერთი თვის წინ აშშ-მ შეზღუდვები დაუწესა ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ სუბიექტს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მის სახელს უკავშირდება.