საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის იმპორტი 34%-ით შემცირდა, რუსულის კი 164%-ით გაიზარდა.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ რუსეთში $86.609 მლნ-ს ღირებულების ბუნებრივი აირი იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია(2023 წელს რუსეთში $77.418 მლნ-ს გაზი ვიყიდეთ), ხოლო 2022 წლის მაჩვენებელს 164%-ით აღემატება.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ კლება ფიქსირდება. თუ 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ აზერბაიანისგან $182.258 მლნ-ს გაზი შეიძინა, წელს ხუთ თვეში იმპორტირებული აირის მოცულობამ მხოლოდ $118.453 მლნ შეადგინა. აქ კლება 35%-ს შეადგენს.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი იმპორტი 34.8%-ით შემცირდა- 2023 წლის ხუთ თვეში აზერბაიჯანში $181.670 მლნ-ს ბუნებრივი აირი ვიყიდეთ.
აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის შემცირებას მთავრობა ევროკავშირის “დახმარებით“ ხსნის. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველომ აზერბაიჯანული აირის ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებს დაუთმო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ხელშეკრულება გააფორმა SOCAR-თან გაზის ნაკადების დროებით გადამისამართებაზე. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო უფლებამოსილია, შეიძინოს გაზი SCP პროექტის ხელშეკრულებებით. შედეგად, ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებითი გამტარუნარიანობა – დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც გამოიყენებოდა აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის გაზრდილი ექსპორტისთვის ევროპის ქვეყნებში.