აზერბაიჯანი უნგრეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დაიწყებს.
აზერბაიჯანიდან გაზის მიღების მიუხედავად, უნგრეთი უარს არ ამბობს რუსულ გაზზეც.
SOCAR-მა და უნგრულმა MVM Group-მა ხელშეკრულებას გაზის მიწოდებაზე ხელი 2 ივნისს მოაწერეს.
კონტრაქტის მიხედვით, მიწოდების მოცულობა 100 მილიონი კუბური მეტრი იქნება.
გარდა ამისა, SOCAR-მა და MVM Group-მა განიხილეს თანამშრომლობა გაზსაცავების გამოყენებისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების საკითხებზე.
უნგრეთის მხარის განცხადებით, გარიგება შეიძლება გახდეს გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველი, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანი უნგრეთს ყოველწლიურად 2 მილიარდ კუბურ მეტრამდე აირს მიაწვდის.
2022 წელს აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი 18%-ით – 22,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა. ევროპაში ექსპორტმა 11,4 მილიარდი კუბური მეტრი (+39%) შეადგინა.
2023 წლისთვის აზერბაიჯანი სულ 24,5 მილიარდი კუბური მეტრი აირის ექსპორტს გეგმავს. აქედან, დაახლოებით 12 მილიარდი კუბური მეტრი ევროპამ უნდა მიიღოს.
ამჟამად ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ყიდულობენ.