შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ამჟამად, აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებული 4 901 ფიზიკური პირია რეგისტრირებული. სამსახურის ინფორმაციით, მათი 99,3% საკუთარი მიმართვის საფუძველზე დადგა აღრიცხვაზე, ხოლო დანარჩენი 34 ადამიანი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე შეიყვანეს სიაში. .
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აკრძალულ პირთა სიაში, ავტომატურ რეჟიმში, სულ 1 457 526 პირის შესახებ არის ინფორმაცია შეტანილი.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა. კანონის შესაბამისად, თამაშების ორგანიზატორი ვალდებულია:
-აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;
-აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;
-თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
-არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა.